ადგილობრივი თვითმმართველობის სტრატეგიული ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

A-/A+

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა მეტ შესაძლებლობებს ანიჭებს ადგილობრივ ხელისუფლებას როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე ფინანსური რესურსების განკარგვის საკითხებში. 
ახალი კონცეფციის წარდგენა 2018 წლის 5 მარტს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით გაიმართა. დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ხედვაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრეს. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ხედვით იწყება თვისებრივად ახალი ეტაპი საქართველოს თვითმმართველობის განვითარებაში, რაც საგრძნობლად გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 
„2025 წლისათვის კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა. ამის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7-8 პროცენტს დახარჯავენ, რაც მისცემს მათ ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კონცეფციაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ახალი ხედვის შესაბამისად განხორციელდება. 
ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, არად ბენკომ - ავსტრიის ელჩმა საქართველოში, ლუკას ბეგლინგერმა - შვეიცარიის ელჩმა საქართველოში და კახა კალაძემ - ქ. თბილისის მერმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა. 
დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები. 
დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენას მოჰყვება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს. 

 

06.03.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია