ევროკავშირთან თანამშრომლობა რეგიონულ განვითარებაში უთანაბრობის აღმოფხვრაში დაგვეხმარება

A-/A+

ევროკავშირთან მრავალწახნაგოვანი თანამშრომლობა გვაქვს და ეს ბუნებრივი ინტეგრაციის დასტურია იმ სივრცეში, რომელიც აღიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანს, როგორც ძირითად ფასეულობას, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, - განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრნმა მაია ცქიტიშვილმა თბილისის საკრებულოში, სადაც „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში კონფერენცია „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ მიმდინარეობს.

„ევროკავშირის საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ შევქმენით რეგიონული განვითარების პროგრამა, სადაც ასახულია რეგიონების საჭიროებები და განვითარების პერსპექტივები. ასევე, დიალოგის შედეგად შერჩეულია ოთხი ფოკუს-რეგიონი, ესაა  - იმერეთი, კახეთი, გურია და  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, სადაც შემუშავდება ინტეგრირებული განვითარების პროგრამები, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ სფეროს, ისე - ეკონომიკურ საჭიროებებს, სოფლის მეურნეობას, განათლებას და ყველა სხვა განზომილებას, რაც რეგიონულ განვითარებაში არსებული უთანაბრობის აღმოფხვრაში დაგვეხმარება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურა სოლიდურ ინვესტიციას დებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც ფასდაუდებელი დახმარებაა.

„რაც უფრო სწრაფად დავუახლოვდებით ევროკავშირს, მით უფრო სწრაფად მოხდება ჩვენი პოლიტიკური ინტეგრაცია. მოგიწოდებთ იყოთ უფრო ამბიციურები განვითარების მიზნების მისაღწევად და გამოვიყენოთ რეგიონის ლიდერის გამორჩეული სტატუსი,“ - მიმართა მაია ცქიტიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს. 

ღონისძიებაში, რომელიც წელს მესამედ იმართება, მონაწილეობენ მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები. დისკუსიის მთავარი თემებია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, მიმდინარე გამოწვევები და პერსპექტივები, უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირის დახმარებების პროგრამები და ევრო-ინტეგრაციასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
     
 

20.05.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია