ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაგეგმილი მასშტაბური პროექტები დიპლომატიურ კორპუსს გააცნო

A-/A+

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ,   სასტუმრო „თბილისი რუმსში“, დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებსა და დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტები გააცნო.
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალურად მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა.
უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერები რიკოთის საუღელტეხილო და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოზე. ეს გზები გადის მთა-გორიან რელიეფზე და მოიცავს რთული კონსტრუქციების, რამდენიმე ხიდისა და გვირაბის მშენებლობას. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ეს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებია და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო კვალიფიციურმა და შესაბამისი რესურსის მქონე კომპანიებმა შეასრულონ.
რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 51.6 კმ. სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს, ქვეშეთი-კობის მონაკევთზე კი აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ გზა, 6 ხიდი და 5 გვირაბი, მათ შორის ერთი - 9 კმ-იანი გვირაბი. ამ პროექტების მშენებლობაზე, ჯამში, 2 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. 
საგზაო პროექტებთან ერთად, დღესვე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკა გალდავამ ქუთაისსა და მარნეულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელების სამშენებლო პროექტების შესახებ ისაუბრა.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ღონისძიების მთავარი მიზანია, დიპლომატიურმა კორპუსმა ყველა გამოცდილ კომპანიას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი მასშტაბური სამშენებლო პროექტების შესახებ, რაც გამოცხადებულ ტენდერებში გაზრდის კონკურენციას და შესაბამისად - კვალიფიციური, მაღალი დონის სამშენებლო კომპანიების გამარჯვების ალბათობას, ეს კი საუკეთესო შედეგის მიღებისთვის აუცილებელია.
„ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ქვეყნის გამოცდილ კომპანიებთან გვიშუამდგომლებთ და მიაწოდებთ ინფორმაციას ამ პროექტების შესახებ. უახლოეს წლებში უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოს ვგეგმავთ და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პროცესში ღირსეულ, კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. 
 

12.06.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია