ირაკლი ქარსელაძე-ჩვენ არ ვმონაწილეობთ კერძო პროექტებში და ბუნებრივია, არც ხეების გადატანაში

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ირაკლი ქარსელაძემ უარყო  „რუსთავი 2“-ის ეთერში, 28 ივლისს გასულ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფისა და დახარჯვის შესახებ. მან ტელეკომპანია თემის ცალმხრივად გაშუქებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დეპარტამენტის პოზიცია სიუჟეტში არ გაჟღერებულა. 
„სიცრუა, რომ 1 ლარი მაინც არის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელიმე იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად და თითქოს რაიმე შეღავათს ვუწესებთ ბიძინა ივანიშვილს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი  კანონის ფარგლებში მოქმედებს და მხოლოდ ტენდერით გამოვლენილ კომპანიებთან თანამშრომლობს. ჩვენ არ ვმონაწილეობთ არცერთ კერძო პროექტში, ბუნებრივია, არც ხეების გადატანაში და არც ამ პროცესის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. რაც შეეხება ხეების გადატანისას მძიმე ტექნიკით დახმარებას, არც სამინისტროს და არც დეპარტამენტის ბალანსზე არ არსებობს ამ სახის ტექნიკა, პროექტები კერძო კომპანიების რესურსით ხორციელდება და ბუნებრივია, მათი სხვა დანიშნულებით გამოყენება გამორიცხულია“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა რამდენიმე პროექტზე, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის ნაწილის მტკიცებით, ხეების გადატანის პროცესის ხელშესაწყობად გაკეთდა. ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, დეპარტამენტი პროექტებს გეგმების შესაბამისად ახორციელებს და ყველა პროექტს თავისი დატვირთვა აქვს.  
„გაუთავებელი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ გვირაბის შემოსავლელი გზა გაკეთდა თითქოსდა ხეების გამოსატანად. ეს გზა ამჟამადაც მშენებლობაშია, ანუ შეუძლებელია იქ რაიმეს გადატანა მოხდეს. საუბარია 1-კილომეტრიან მონაკვეთზე. ეს არის გზა, რომლითაც თბილისისკენ მომავალ ავტომობილებს ექნებათ მობრუნების შესაძლებლობა და არ შეიქმნება სახიფათო სიტუაციები. ეს გზა არსად  მიდის და არსაიდან მოდის, ეს არის მხოლოდ მოსაბრუნებელი გზა, თანაც გვირაბის თავზე გამორიცხულია მაღალი ტვირთამწეობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. 
რაც შეეხება ზენითის გზას, 2016 წელსაა შეკეთებული, თუმცა 2017 წლის ოქტომბერში სტიქიური უბედურებების გამო, დაზიანდა. შესაბამისად, ეს გზა მოხვდა სარეაბილიტაციო გეგმაში, რაც ითვალისწინებს ფერდსამაგრ სამუშაოებსა და ასფალტო-ბეტონის საფარის შეკეთებას. ამ გზას ასევე არაფერი აქვს საერთო ხეების გადატანასთან“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. 

მისივე თქმით, ოჩხამურის გზაც კავშირში არ არის ხეების გადაზიდვასთან, ესაა გეგმიური პროექტი, რომელიც გარკვეული ადგილების გაფართოებას და ასფალტო-ბეტონის დაგებას ითვალისწინებს.
 

30.07.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია