ლანჩხუთში 2019 წელს 51 მლნ ლარის 36 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან, მხარის გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე მიმდინარე პროექტს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას 2019 წელს რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. 
„ვსწავლობთ ყველა რეგიონში არსებულ საჭიროებებს და საკმაოდ აქტიურად ვმართავთ შეხვედრებს, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ასევე უშუალოდ მოსახლეობასთან, ადგილზეც ვათვალიერებთ პროექტებს და ვეცნობით მოსახლეობის საჭიროებებს“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 
მაია ცქიტიშვილმა მოინახულა ლანჩხუთის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან. დასრულების შემდეგ აკადემია 50-60 ბავშვს მოემსახურება. აკადემიის ეზოში დაგეგმილია სტადიონის მშენებლობა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით განხორციელდება. 
მინისტრი მოსახლეობასაც გაესაუბრა, მოისმინა მათი საჭიროებები, უპასუხა მათ კითხვებს და გააცნო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მისი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში განხორციელდება წყალმომარაგების 2 პროექტი (ლესის და ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციისა და ქალაქ ლანჩხუთის წყალსადენის ქსელის გაფართოების მესამე ეტაპის სამუშაოები); აშენდება სკოლები სოფელ ჩოჩხათსა და ლესაში; არსებულ სკოლებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (ტაბანათში, ხაჯალიაში, აცანაში) აშენდება საბავშვო ბაღები, რომლებიც სულ 400 აღსაზრდელს მოემსახურება, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, მუნიციპალიტეტში განხორციელდება 45 მილიონ ლარის 9 პროექტი, მათ შორის, სახიდე გადასასვლელების მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ნინოშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის აღდგენა, გზებისა და საფეხმავლო ბილიკების, გარე განათების მოწყობა. ასევე, 15 სოფელში (აცანა, ნიგვზიანი, აკეთი, ჩიბათი, ღრმაღელე, სუფსა, ჯურუყვეთი, ქვიანი, ნიგოითი, შუხუთი, გვიმბალაური, ჩოჩხათი, ლანჩხუთი, ნინოშვილი, ლესა) მოეწყობა ამბულატორიები. 
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მხარის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა და ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის დასრულებული სამუშაოებიც მოინახულა. გზის პროექტის ღირებულებამ 991 873 ლარი შეადგინა. სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და 20 ნოემბერს დასრულდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გააგრძელებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს, როგორც დაგეგმილი პროექტების გაცნობის, ისე საჭიროებების გამოვლენის მიზნით. 
 

27.11.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია