მაია ცქიტიშვილი პანკისში ახალგაზრდებს შეხვდა

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. 

სოფელ ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრში, მინისტრები და მხარის გუბერნატორი პანკისის ხეობის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე. მათ შორის, განათლების, ტურიზმის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მეტი პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე. ვიცე-პრემიერმა უპასუხა ახალგაზრდების კითხვებს ჰესების მშენებლობასთან, არჩევნებთან და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. 

“ამ შეხვედრის ინიციატივა ახალგაზრდებიდან მოდის და მიხარია, რომ გვაქვს საშუალება მოვისმინოთ თქვენი აზრი იმ პრობლემებზე, რომელიც ხეობას აწუხებს. მისასალმებელია განწყობა, რომ არავის უნდა პანკისი აღქმული იყოს როგორც საფრთხის შემქმნელი ხეობა, ხეობა სადაც სულ რაღაცა ხდება. ჩვენი ამოცანაც ესაა, ვიმუშაოთ პანკისის მოსახლეობასთან ერთად, იმისთვის რომ გამოვძებნოთ ახალი შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია რომ სენსიტიური საკითხები გავყოთ განვითარების საჭიროებებისგან. ჩვენ შემუშავებული გვაქვს პანკისის განვითარების სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი, სადაც გათვალისწინებული იქნება პირველ რიგში ახალგაზრდების სურვილები და შენიშვნები. სწორედ დიალოგის გზაა იმის საფუძველი, რომ დავინახოთ ხეობის განვითარების საინტერესო პერსპექტივები"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

სოფელ მატანისა და სოფელ ომალოს მოსახლებასთან შეხვედრაზე ქეთევენ ციხელაშვილი და მაია ცქიტიშვილი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ. ასევე, მინისტრებმა მიაწოდეს სოფლების მოსახლეობას ინფორმაცია დაგეგმილი ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების შესახებ. ვიცე-პრემიერმა სოფელ მატანში არსებული კულტურის სახლის მდგომარეობა, ხოლო სოფელ დუისში საჯირითო ადგილის მოსაწყობი ტერიტორია დაათვალიერა.
 

12.04.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია