მაია ცქიტიშვილი პედაგოგებს-იმედი მაქვს, რომ განათლების რეფორმის პროცესში ერთად ვიქნებით

A-/A+

„მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია ადამიანის ჩამოყალიბებაში. სასკოლო წლებში ვსწავლობთ ბევრ სხვადასხვა საგანს და უმთავრესს - მეგობრობას და ფასეულობებს“ - განაცხადა მასწავლების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 
„ჩვენ ვიცით მასწავლებლების საჭიროებები და იმედი მაქვს, რომ განათლების რეფორმის პროცესში ერთად ვიქნებით, რადგან თქვენს გარეშე ჩვენი ნებისმიერი გეგმა არის მხოლოდ დოკუმენტი და სწორედ თქვენ გვაძლევთ საშუალებას, რომ ეს ხედვები გავატაროთ ცხოვრებაში. აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთნ ერთად, რათა მომავალი წლიდან მაღალი ხარისხის და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ, რითიც შევეცდებით პედაგოგებს და ბავშვებს შევუქმნათ ისეთი ახალი სივრცეები, სადაც სასწავლო პროცესი საინტერესოდ წარიმართება“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 
ჟიურის მიერ შერჩეული ათეულიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რჩეული მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის დაწყებითი კლასის პედაგოგი ნინო ჭიჭინაძე გახდა, წლის პედაგოგის ტიტული კი ბაღდათის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა მანანა კაპეტივაძემ მოიპოვა. 
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი 2017 წლიდან კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“-ს ინიციატივით ტარდება. ამ სტატუსისთვის წელს 104 პედაგოგი იბრძოდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

06.10.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია