მაია ცქიტიშვილი - რეგიონებში ხშირი გასვლა მნიშვნელოვანია როგორც პროექტების მონიტორინგის, ისე მოსახლეობასთან დიალოგის თვალსაზრისით, რაც ადგილზე არსებული საჭიროებების გაგებასა და ბიუჯეტების უკეთ დაგეგმვაში გვეხმარება

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელ სოზარ სუბართან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა.

„რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან, სხვა რეგიონებთან ერთად, წელს გაზრდილი ბიუჯეტით ფინანსდება პროექტები ქვემო ქართლშიც. აქ დაახლოებით 55 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც დიდი წილი საგზაო პროექტებზე მოდის. ამას გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობითაც ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვაკეთებთ, მათ შორისაა მარნეულში უეფას მეორე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მუნიციპალიტეტში ასევე 10 ახალი სკოლის და 2 საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი. აქტიური დინამიკაა მდინარე დებედაზე, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოების დასკვნითი ეტაპია. ეს პროექტი მნიშვნელოვანია სტიქიის პრევენციის და მოსახლების სავარგულების დაცვის თვალსაზრისით. ამას გარდა, მარნეულში, ყველასთვის ცნობილ მონუმენტთნ „კიდევაც დაიზრდებიან“ ამფითეატრი, საბავშვო ინფრასტრუქტურა და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, რაც ამ ადგილს ადგილობრივებისა და სტუმრებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, რეგიონებში ხშირი გასვლა მნიშვნელოვანია როგორც პროექტების მონიტორინგის, ისე მოსახლეობასთან დიალოგის თვალსაზრისით, რაც ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილზე არსებული საჭიროებების გაგებასა და ბიუჯეტების უკეთ დაგეგმვაში ეხმარება. 

მაია ცქიტიშვილმა დღესვე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პროექტი დაათვალიერა. მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, რაც ათწლეულების განმავლობაში არსებულ პრობლემას გადაჭრის, სოფელ ულაშლოში კი სასმელი წყლის ქსელის მოწყობა გრძელდება და აგვისტოში, პროექტის დასრულების შემდეგ, 241 ოჯახი იქნება სასმელი წყლით უზრუნველყოფილი. 

აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, აღმამედლო-კასუმლო-ულაშლოს გზის რეაბილიტაცია. პროექტი ივლისის ბოლოს დასრულდება.
 

15.05.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია