მაია ცქიტიშვილი შვედეთის სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს ულრიკ ტიდესტრომს და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა რეგიონული განვითარების პრიორიტეტებზე და იმ  მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელსაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.
შვედეთის სამეფოს მთავრობა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მეშვეობით მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან და მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს თვითმმართველობის განვითარების, გარემოსდაცვითი, საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელების მოწყობისა  და მყარი ნარჩენების ტრანსპორტირების სისტემის სრულყოფის, ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგების საქმეში.
დღეის მდგომარეობით SIDA  აფინანსებს, მყარი ნარჩენების სექტორში- ქვემო ქართლის ნაგავსაყრელისთვის საკონსულტაციო მომსახურებას, რომელსაც  მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს და წყლის სექტორში- წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მდგრადი განვითარების პროექტს, რომელიც  ითვალისწინებს თელავში და წყალტუბოში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.  
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას, მათ შორის  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. 
დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და არსებული შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას.

25.09.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია