მაია ცქიტიშვილმა და ენტონი მაკდონალდმა ADB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს ენტონი მაკდონალდს შეხვდა.

აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია და მისი დაფინანსებით საქართველოში მრავალი პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა ქვეშეთი - კობის 22.7 კილომეტრიანი გზისა და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია.

ADB - ის დაფინანსებით მიმდინარე ეს და სხვა პროექტები  საქართველოს  სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის განვითარებისკენაა მიმართული ურბანული  სერვისების განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომლის მოცულობა  500 მილიონ დოლარს შეადგენს, საქართველოს 13 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს მოსახლეობის წყალმომარაგებისა და წყალარინებით უზრუნველყოფის პროექტები. პროგრამის ფარგლებში დასრულებულია 4, მიმდინარეობს 12 და დაგეგმილია 9 პროექტის განხორციელება.

ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს სხვადასხვა საავტომობილო გზის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტი, მათ შორისაა - ქ. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისა და ჩუმათელეთი-ხარაგაული-მოლითის შიდასახელმწიფოებრივი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ხევი-უბისას სექციის მშენებლობას. 

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და მომავალში, სხვადასხვა მიმართულებით, დაფინანსების გაზრდას გეგმავს. 
 

21.03.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია