მინისტრი - პროექტების ბიუჯეტის დასაგეგმად რეგიონების წარმომადგენლებთან დიალოგი დავიწყეთ

A-/A+

მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მუნიციპალიტეტის საჭიროებებს, ბიუჯეტის დაგეგმვასა და არსებული პრობლემების გადაჭრას ეხებოდა კახეთში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა.
,,დაწყებული გვაქვს აქტიური დიალოგი მუნიციპალიტეტებთან, სამინისტრო დააფინანსებს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს სწორედ იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც კონკრეტული რეგიონისთვის და მისი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია და გამომდინარეობს  მათი საჭიროებებიდან. ასევე, ვიწყებთ შეხვედრებს ადგილობრივ თვითმართველობებთან ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. პირველი შეხვედრა გვქონდა კახეთში.  ადგილობრივ ხელისუფლებასთან  ერთად განვიხილეთ ყველა ის პროექტი და  შესაძლებლობები, რომელიც  რეგიონს გააჩნია“  - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეხვედრაზე რწმუნებულ-გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მინისტრს კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია წარუდგინა. პრეზენტაციის დროს, აქცენტები გაკეთდა სასმელი წყლის პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებაზე. ასევე, ღვინის მუზეუმის, ტურისტული დანიშნულების ადგილების, ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე. 
კახეთი პირველი რეგიონია, სადაც ცენტრალური ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების  ჩართულობით იმსჯელეს და დაიგეგმა  სამომავლო განვითარების პერსპექტივები  და პროექტები.
 

04.07.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია