მინისტრი - უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა წყალმომარაგების სფეროს სისტემური განვითარებისთვის

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა GWP - ის მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის მთავარი თემა ქვეყნის წყალმომარაგების სისტემური განვითარება იყო. 
„მივესალმები GWP - ის ინიციატივას გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამ სფეროს სისტემური განვითარების ირგვლივ, რაც ყველაზე მეტად აკლია ამ დარგს. საქართველოს რეგიონებში, სამწუხაროდ, 630 ათას ადამიანზე მეტი გვყავს ცენტრალური წყალმომარაგების და კიდევ უფრო მეტი - 24-საათიანი წყალმომარაგების გარეშე.  ძალიან დიდი ინვესტიციები იდება როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან. 2013-17 წლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, ქსელების განვითარებისთვის 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, წელს 230 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი მიმდინარე სამუშაოებისთვის, შემდგომი 2 წლის განმავლობაში კი ეს თანხა 600 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ესაა დიდი ინვესტიცია და მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, 2020 წლის ჩათვლით, სხვადასხვა რეგიონში, 430 ათასი ახალი აბონენტი დაემატება წყალმომარაგების ქსელს. 
ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, საქართველოს წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლები, ასევე - გერმანიიდან, ესპანეთიდან,  პოლონეთიდან, რუმინეთიდან და დანიიდან მოწვეული წყალმომარაგების კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 
 

27.07.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია