მონიტორინგის ჯგუფმა თელავში სამუშაო შეხვედრა გამართა

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით, თელავში საპროექტო, საზედამხედველო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის  მიზანი,  მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად და ვადებში შესრულებაზე კონტროლი  და იმ მიზეზების გარკვევა იყო, რაც სამუშაოებს აფერხებს.  მინისტრის მოადგილემ უშუალოდ კომპანიების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია პრობლემების შესახებ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ-კახეთის რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები. საუბარი დიალოგის და მოსაზრებების  გაცვლის რეჟიმში წარიმართა. ,,საინტერესო ფორმატში ვხვდებით, აქ შეიკრიბა ყველა ის მხარე, რომელიც ერთ საქმეს აკეთებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია  მოვისმინოთ მათი აზრები, ხედვები, პრობლემები.  საშუალება აქვთ გამოთქვან ურთიერთპრეტენზიები. დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ამასთან, ავღნიშნავ, რომ გვაქვს ამბიციური გეგმები, მთავრობა ცდილობს რაც შეიძლება მეტი პროექტი განახორციელოს რეგიონებში, მეტი ფინანსები დახარჯოს. დღევანდელი შეხვედრის ფორმატი სწორედ იმას ემსახურება, რომ  ვნახოთ რამდენად მზად ვართ ჩვენ, რამდენად მზად არიან კომპანიები, მუნიციპალიტეტები, პროექტანტები რომ ეს სიკეთე ადგილებამდე, ანუ მოსახლეობამდე მივიტანოთ.  ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის და ის რეალურ შედეგებს მოიტანს, რაც აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე და შესრულების ვადებზე“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე  აღნიშნა, რომ ანალოგიური შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტები განხორციელდეს ხარისხიანად და ვადებში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გვაქვს პრეტენზიები. ეს შეხვედრები ემსახურება სწორედ იმას, რომ ყველა პრობლემური საკითხი, ბიზნესთან, კომპანიებთან, ზედამხედველებთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განვიხილოთ და გავარკვიოთ ხელისშემშლელი ფაქტორები“-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების  ვადებში და ხარისხიანად დასრულების მიზნით, მინისტრის, მაია ცქიტიშვილის  დავალებით, სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.

22.09.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია