მოსახლეობასთან კომუნიკაციით გვსურს ჩვენი გეგმების მათ საჭიროებებთან თანხვედრაში მოყვანა

A-/A+

რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების გაცნობა მოსახლეობისთვის გრძელდება. საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ქალაქ ახმეტაში მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მუნიციპალიტეტის საჭიროებები და წარადგინა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. 
,,სასიხარულოა, რომ მოსახლეობას აინტერესებს ის გეგმები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში. როგორც ვნახეთ, ბევრ საკითხში ჩვენი გეგმები ემთხვევა იმ საჭიროებებს და პრიორიტეტებს, რომლებიც მოსახლეობას აქვს, თუმცა განვიხილეთ ისეთი პრობლემებიც, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია. კერძოდ,  რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება, წყლის  და საგზაო სამუშაოები. მოსახლეობის მხრიდან დაყენებული საკითხები,  აუცილებლად აისახება ჩვენს  მომავალ საქმიანობაში. ძალიან საჭიროა ასეთი ტიპის შეხვედრები და სწორედ ეს უშუალო და პირდაპირი კომუნიკაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი გეგმები შესაბამისობაში მოვიყვანოთ მოსახლეობის საჭიროებებთან“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა  საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობისა  და წყალმომარაგების სისტემების გამართვის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ახმეტაში გაჭიანურებულ წყალმომარაგების სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ახალ და აქტიურ ფაზაში შევიდა და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. წყალმომარაგების სისტემის გამართვის შემდეგ დაიწყება გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. 
ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის, კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით არსებულ გეგმებზე. 
შეხვედრას დისკუსიის ფორმატი ჰქონდა. ახმეტელების შეკითხვებს მაია ცქიტიშვილთან ერთდ, მინისტრის მოადგილეებმა, მხარის გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
,,ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე რაც ახმეტის წინაშე დგას და იმ პერსპექტივებზე რაც დაგეგმილია 2019 წლისთვის. უპირველესი პრობლემა ის არის რომ  წყლის რეაბილიტაციის პროექტი გაჭიანურდა და ამ წელს ამ  პროექტისთვის დამატებითი თანხები გამოიყო და ის მთლიანად დასრულდება, ქალაქ ახმეტის მოსახლეობას ხარისხიანი წყალი მიეწოდება. ის დისკომფორტი, რომელიც უწყლობით და უგზოობით იყო გამოწვეული აღმოიფხვრება“-განაცხადა კახეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან ერთად  კახეთში მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც მოემსახურება, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე რეგიონულ განვითარებას.
აღინიშნა, რომ დასრულდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც დამუშავდა  თუშეთის დასახლებების  განაშენიანების რეგულირების გეგმები, მიმდინარეობს  თელავის  გენერალური გეგმის შემუშავების ბოლო ეტაპი, რომელიც დასრულდება დეკემბრის პირველ ნახევარში.
 

15.11.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია