პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ

A-/A+

პანკისის ხეობის ახალგაზრდობის, ქალთა და უხუცესთა საბჭოების წარმომადგენლებთან საქართველოს მთავრობის წევრების შეხვედრა სოფელ დუისის კულტურის სახლში დასრულდა.

ხეობის მცხოვრებლებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, კახეთის გუბერნატორი და თვითმმართველობის წევრები შეხვდნენ.

მაია ცქიტიშვილი პანკისის ხეობაში ერთი კვირის წინაც იმყოფებოდა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებზე კონკრეტული პასუხების გასაცემად, ვიცე-პრემიერი ამჯერად მთავრობის სხვა წევრებთან და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად ჩავიდა.

“დღეს ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. ჰესების თემა იყო ერთ-ერთი, რომელსაც დიდი დრო დავუთმეთ.  დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და კარგი, პირველ რიგში იმიტომ, რომ ხეობის მოსახლეობას ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია  გარემოს დაცვის სამინისტროსა და ინვესტორთან, რომელიც ამ ჰესების მშენებლობით არის დაინტერესებული. მათ მიიღეს  საკმაოდ დიდი ინფორმაცია,  ჩვენი მხრივ კი ავუხსენით მოსახლეობას,  რომ სახელმწიფოს ინტერესია გარემოსდაცვითი ღონისძიებები იყოს სრულად შესრულებული, კანონის ყველა მოთხოვნა იყოს დაცული და შემდგომშიც, ჰესების ექსპლუატაციის დროს მოხდეს ატიური მონიტორინგი,” - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. 

ვიცე-პრემიერის თქმით, ჰესების გარდა კიდევ ბევრ საკითხზე იყო საუბარი, მათ შორის პროფესიულ განათლებაზე, საგზაო და სხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„არ ვიცოდი და ძალიან გამიხარდა, რომ საგრანტო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ 187 ბენეფიციარი ჰყავს ხეობაში და 800 ათასი ლარითაა დაფინანსებული სხვადასხვა მიმართულების პროექტები. მჯერა, მომავალში ამ მიმართულებით აქტივობაც მეტი იქნება და ხელმისაწვდომობაც“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
 

18.04.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია