პროექტების ხარისხიანად და ვადებში შესრულებისთვის მონიტორინგის ჯგუფი მუშაობს

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით, შიდა ქართლში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
ილია ბეგიაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გორში,   სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის, სტალინის გამზირის  მონაკვეთისა და კახნიაშვილის ქუჩის სანიაღვრე წყალარინების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები, ნაწილობრივ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი  ღირებულება 712 ათას ლარს შეადგენს. პროექტი დადგენილ ვადებში დასრულდება. 
მონიტორინგის ჯგუფმა გორში, თბილისის ქუჩაზე უკვე დასრულებული სამუშაოც დაათვალიერა, რომელიც ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში განხორციელდა და პროექტის ღირებულებამ 448 ათასი ლარი შეადგინა.
დღესვე, ადგილზე გაეცნენ ერთ-ერთ პრობლემურ პროექტს, რომელიც სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ პროექტის  ჩამორჩენით შესრულების გამო სამშენებლო კომპანიას  ხელშეკრულება შეუწყდა,  საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე მიმდინარე წლის 30 აგვისტოს გამოცხადდა განმეორებითი ტენდერი, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიხსნება.
,,ვითარება არაერთგვაროვანია. ზოგიერთი პროექტი წარმატებითაა დამთავრებული, რაც ძალიან სასიამოვნოა, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ არის პრობლემური პროექტებიც და არა მარტო გორში. ერთ-ერთი ასეთია სადგურის დასახლებაში მშენებარე საბავშვო ბაღი, რომელმაც მოსახლეობის მართებული უკმაყოფილება გამოიწვია. ეს პროექტი, თავდაპირველი ხელშეკრულებით,  2017 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, სამწუხაროდ, შემსრულებელმა  კომპანიამ სამუშაოები ჯეროვნად ვერ შეასრულა და მასთან კონტრაქტი გაწყდა. ახლა ეს პროექტი, სამინისტროსა და გუბერნატორის ადმინისტრაციაში, განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. სწორედ იმ მიზნით, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები  ვადებში და ხარისხიანად დასრულდეს, მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროში მუშაობს მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები“ – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
მისივე თქმით, მონიტორინგი მოიცავს ყველა რეგიონს და გარკვეული პერიოდულობით, შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა მოხდება.
2018 წელს, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  250 მილიონი ლარის 770 ინფრასტრუქტურული  პროექტია დაფინანსებული, აქედან, შიდა ქართლში - 20 მილიონი ლარის 40 პროექტი.


 

14.09.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია