რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დაიწყო

A-/A+

რეგიონში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტის - რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა დაიწყო. ეს პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა. 

მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ.

„ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა უკვე დასაქმებულია და დამეტებით მუშა-ხელის დასაქმებასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული გეგმები. რაც შეეხება პროექტს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.  

ამ დროისთვის, სამუშაოები უკვე დაწყებულია რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისასა 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე. კერძოდ, მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობა.

უახლოეს მომავალში გამარჯვებული გამოვლინდება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მიმდინარე წელს გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების დასაწყებად.

ხევი-უბისას მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და პროექტის ღირებულება 732 მლნ ლარზე მეტია, ხოლო უბისა-შორაპანის მონაკვეთზე  სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  902 მლნ ლარამდეა.  

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის. 

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელ სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ ამ გზის გავლა 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ბოლომდე აშენება და გამართული ფუნქციონირება  უმნიშვნელოვანესია მიმზიდევლი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

„კონტრაქტს ხელი მოეწერა გასული წლის ბოლოს. უკვე ჩამოვიყვანეთ დაახლოებით 70 თანამშრომელი და მობილიზებულია 100 ერთეული სამშენებლო ტექნიკა. ტექნიკის ნაწილი ტრანსპორტირების პროცესშია. სრულად ვაცნობიერებთ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის და დიდი პატივია, რომ ამ სამუშაოებს ჩვენ ვასრულებთ. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება და ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს,” - აღნიშნა პროექტის გენერალური მენეჯერი ვინსენტ მამ.
 

18.05.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია