სამინისტროში საქართველოს სატრანზიტო კორიდორის განვითარების მნიშვნელობაზე ისუბრეს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ საქართველოში სატრანზიტო კორიდორის განვითარების მნიშვნელობაზე ისუბრეს.
მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რიკოთის საუღელტეხილო და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების მშენებლობის მნიშვნელობას.  
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მსხვილი დონორია და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება. მისი თქმით, ADB - ის დაფინანსებული პროექტები ხელს უწყობს ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და გზებზე ტვირთბრუნვის გაზრდას, რაც საბოლო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებას ემსახურება.
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების და სხვა პროექტების დასაფინანსებლად 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.
ADB - ის დაფინანსებით უკვე დასრულდა ქობულეთის შემოვლითი გზის და დაიწყო  ბათუმის შემოვლითი გზის პროექტები, დაგეგმილია ჩუმათელეთი-ხარაგაული-მოლითის შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია, რიკოთის მონაკვეთზე ხევი-უბისას სექციის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობა.
ურბანული  სერვისების განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომლის მოცულობა 500 მილიონი დოლარია, საქართველოს 13 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს მოსახლეობის წყალმომარაგებისა და წყალარინებით უზრუნველყოფის პროექტები. 
 

15.06.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია