საფრანგეთის სენატის დელეგაციასთან, ევროკავშირის დახმარებით მიმდინარე პროექტები განიხილეს

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე  მზია გიორგობიანი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ სენატორები ჟიზელ ჟურდა და რენე დანესი, სენატორის მრჩველი ფაბრის ჰიუგო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოადგილე ერიკ ტოზატი და ეკონომიკის სამსახურის უფროსი იულია სოტიე. 

მზია გიორგობიანმა დელეგაციის წარმომადგენლებს მიაწოდა სრული ინფორმაცია სამინისტროს კომპეტენციებისა და პრიორიტეტების შესახებ. ფრანგული მხარე, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის ჩართულობით შემუშავებულ პროგრამებზე, მათ შორის კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის რეგიონების განვითარების პროექტებზე.

„4 საპილოტე  რეგიონის შერჩევისას, მხოლოდ ტურისტული ფაქტორების გათვალისწინებით არ  ვხელმძღვანელობდით. მნიშვნელოვანია  თითოეული რეგიონის სპეციფიკა და ინდივიდუალური მიდგომა, რაც ამ რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის უკეთ ათვისებაში დაგვეხმარება“ - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.
 
 

28.09.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია