საქართველოს რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა იწყება

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი - მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.
მუნიციპალური თავშესაფარი არაკომერციული დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას, კომპანიონი კი არის ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და პატრონობას.
მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას კახეთში, სადაც  დიდია დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. 
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წელს ძაღლებმა 321 ადამიანი დაკბინეს და აქედან 224 ბავშვია.
კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება: ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლირებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 715 ათასი ლარია. 
საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, თავშესაფარში აუცილებელია ხუთი ძირითადი თავისუფლების პრინციპის დაცვა, ესაა: წყურვილისა და შიმშილისგან თავისუფლება, დისკომფორტისგან თავისუფლება, ტკივილის, ჭრილობის და ავადმყოფობისგან თავისუფლება, თავისი სახეობისთვის დამახასიათებელი ნორმალური ქცევის განხორციელების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, შიშისგან და სტრესისგან თავისუფლება. 
თავშესაფარი ვალდებულია აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს თავშესაფარში მათი ბრუნვის ამსახველი სტატისტიკა, ყველა ცხოველის სტერილიზაცია და ვაქცინაცია.
კომპანიონ ცხოველთა კახეთის რეგიონალურ თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის თავშესაფარში გადასაყვანად. 
თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.
 

15.11.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია