სტიქიის ზონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

A-/A+

ძლიერი წვიმის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის პრობლემები შეიქმნა - დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები, გზები, ნაპირდამცავი ნაგებობები, ელექტროგადაცემის ბოძები. 

თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ყაზბეგის, თელავის, ლაგოდეხის, ყვარლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში სტიქიის ზონებში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც. 

მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტებში არსებული ტექნიკა. 

უხვი ნალექისა და მეწყრის გამო მოძრაობა შეზღუდულია ფშაველი-აბანო-ომალოსა და ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზებზე. ორივე მიმართულებაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან, გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო. ამიტომ, გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ9 მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. სოფელ ლეჩურთან მობილიზებულია ტექნიკა და წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება საპროექტო სამუშაოები, რათა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად განხორციელდეს საპრევენციო ღონისძიებებიც.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე  ჩამოვიდა დიდი ოდენობით მეწყრული მასა. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და საავტომობილო მოძრაობა ხვალ, დღის განმავლობაში აღდგება, სოფელ ზემო მლეთაში კი უკვე რამდენიმე საათია აქტიურად მიმდინარეობს ლომისის ხევის კალაპოტის გაწმენდა.

ამ ეტაპზე, სტიქიის ზონებში საჭირო ტექნიკის რესურსი მობილიზებულია, თუმცა მდინარეების უხვწყლიანობის გამო ვერ ხერხდება  სამუშაოების დაწყება.  ტექნიკა სალიკვიდაციო სამუშაოებში გამოდარებისთანავე ჩაერთვება.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2018 წლის ბოლოს განახორციელეს ერთობლივი პროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს გზების ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვაზე ჩატარდა სპეციალური ტენდერები, რომელთა ერთ-ერთი მიმართულება სტიქიების დროს მუნიციპალიტეტისთვის საჭირო მომსახურების ოპერატიულად და სრულად მიწოდება იყო. 

ამ პროექტის შედეგად, მუნიციპალიტეტებში სტიქიების დროს საჭირო ტექნიკის მობილიზება და სწრაფი რეაგირება უზრუნველყოფილია. 

10.05.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია