ტურისტულ სეზონს ქობულეთი განახლებული სანაპირო ზოლით შეხვდება

A-/A+

საავტომობილო გზების დეპარტამენტი,  ქ. ქობულეთში, თამარ მეფის   ქუჩაზე,  სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრ სამუშაოებს ახორციელებს. ზაფხულში, ტურისტებს, დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ განახლებული,  დაცული სანაპირო ზოლით ისარგებლონ. მიმდინარე სამუშაოები  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა,  ზურაბ ალავიძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 
პლაჟწარმომქნელი მასალის მკვეთრი დეფიციტის გამო სანაპირო ზოლი  არასტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა. მისი  პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს შტორმული ტალღების ჩახშობას, რაც  იქ  არსებულ საფეხურებიან  ნაპირდამცავ  კედელს აზიანებს.  განსაკუთრებული ზიანი მას 2014–2015 წლებში მიადგა. 
სანაპირო ზოლის დასაცავად და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მოხდება სანაპირო ზოლის პარამეტრების გაზრდა. ავარიულ უბანზე განხორციელდება 195 000 მ3 მოცულობის პლაჟშემქნელი მასალის შეტანა.  სამუშაოების განხორციელების შემდეგ,  გაიზრდება სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ნაპირსამაგრ საფეხურებიან კედელზე ტალღების ზემოქმედებაც.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 271 087 ლარს შეადგენს.  პროექტი მიმდინარე წლის 14 თებერვალს დაიწყო და აპრილის ბოლოსთვის  დასრულდება, სამუშაოებზე კი   50 ადამიანია დასაქმებული.
    
 

06.03.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია