ქუთაისის მოსახლეობას თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა ექნება

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა,   ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ „ქუთაისის წყალარინების პროექტი“-ს დასაფინანსებლად  ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
შეხვედრას  EIB-ის დელეგაცია და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
ქუთაისის თანამედროვე წყალარინების სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების დასაფინანსებლად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უკვე გამოყოფილია 100 მილიონი ევრო.
პროექტი ითვალისწინებს  ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას: შეიცვლება ძველი და დამონტაჟდება ახალი საკანალიზაციო მილები, აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი  ნაგებობა და სატუმბი სადგურები, მოეწყობა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება  ძველ საკანალიზაციო ჭებს, პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცედურები, სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2019 წელს იგეგმება.
,,ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოვაწერეთ ხელი ქუთაისის წყალარინების   პროექტის დასაფინანსებელ მორიგ ხელშეკრულებას, რომელიც ამჯერად არის გრანტის სახით. წყალარინების სისტემის მოწყობისთვის ბანკის მიერ უკვე  გამოყოფილია 100 მილიონი ევრო. ასევე, მოგეხსენებათ, რომ  ქუთაისში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მეორე ფაზა, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ევროპის საინვესტიციო ბანკი ჩვენი დიდი პარტნიორია  იმ  პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ დღეს მქონდა შესაძლებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის  ვიცე-პრეზიდენტთან ერთად მოგვეწერა ხელი იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც კიდევ მეტ დახმარებას უზრუნველყოფს და იქნება ორიენტირებული ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ისევე როგორც ქუთაისის წყალარინების  პროექტის უკეთესად შესრულებისთვის“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

..ჩვენ ხელი მოვაწერეთ ახალი გრანტის ხელშეკრულებას, რომელიც გამოიყო ქუთაისში წყალარინების ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად. როგორც ქალბატონ მინისტრთან ვისაუბრეთ, საქართველოში ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია მოსახლეობისთვის სუფთა წყლის მიწოდება და მთელი ქვეყნის  მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის გამართვა. ხელშეკრულების მიზანი სწორედ ამ პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებაა”-აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის დღეს გაფორმებული დაფინანსების შეთანხმება  ითვალისწინებს EIB-ის მიერ საქართველოსთვის დამატებით 3 250 000 ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას, რომლითაც პროექტის ფარგლებში არსებული დეტალური დიზაინი გაუმჯობესდება და ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურება დაფინანსდება.
გრანტის დაფინანსების წყაროა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ფონდი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის მხარდასაჭერად, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით უახლოეს პერიოდში, დამატებით 4 600 000 ევროს ოდენობის კაპიტალური გრანტი გამოიყოფა. 
დღეის მდგომარეობით, EIB-ს საქართველოს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, დაახლოებით 1,3 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება აქვს გამოყოფილი. მათ შორის, 750 მილიონ ევრომდე - საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, 180 მილონ ევრომდე - წყლის სექტორის და 200 მილიონ ევრომდე - მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად. 

27.09.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია