წყალტუბოსა და ზუგდიდში დევნილთათვის 9 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა. 
ამ ეტაპზე, დაგეგმილია სამეგრელოსა და იმერეთში 9 კორპუსის მშენებლობა 780 დევნილი ოჯახისთვის. 
დეველოპერებთან შეხვედრას დღეს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებოდნენ. 
„ვაგრძელებთ ღია კარის ფორმატში შეხვედრებს, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს, დეველოპერებს ვაცნობთ კონკრეტულ პროექტებს. 2012 წლის შემდეგ, უკვე 16 ათასი ოჯახი დავაკმაყოფილეთ ბინებით, თუმცა ეს არსებული საჭიროებების მხოლოდ ნაწილია. დღეს ვისაუბრეთ წყალტუბოსა და ზუგდიდში 9 კორპუსის მშენებლობაზე და ესეც მცირე ნაწილია იმ გეგმების, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით განვახორციელებთ. მომავალ წელს 50-60 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ამ მიმართულებით და შესაბამისად, მომავალშიც გვექნება მსგავსი შეხვედრები“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება  გაზის გამათბობლები, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზები და ავტოსადგომები.
„რამდენიმე თვის წინ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად ის აქტივობები, რასაც ვახორციელებდით დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით, გაიყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მუშაობა შესუსტდა. ვფიქრობ, წლის ბოლო გვექნება საშუალება წარმოვადგინოთ გაზრდილი ბიუჯეტი ამ მიმართულებით. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრასა და ფორმატს, ეს არის კარგი საშუალება იმისათვის, რომ დეველოპერებს ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა იმ სამუშაოს მოცულობაზე, რომელსაც უახლოეს თვეებში დავიწყებთ და ორი წლის განმავლობაში დავასრულებთ“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.  
 

01.11.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია