“მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები მოსახლეობის სურვილებზე იყოს დაფუძნებული”

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. ვიცე-პრემიერმა  პრიზი  ბოლნისის მუნიციპალიტეტს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისთვის გადასცა. დაჯილდოვების ცერემონიალი პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა. გამარჯვებული მუნიციპალიტეტები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის შედეგად გამოავლინა. ,,დღევანდელი ღონისძიება, რომელსაც  ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ახორციელებს უკვე ტრადიციულია. ამ დღეებში ასოციაციის  15 წლის იუბილე აღინიშნება,  მიმაჩნია, რომ ასეთი გაერთიანებები აუცილებელია, იმისთვის რომ  თვითმმართველობების ხმა უკეთ ისმოდეს იქ, სადაც გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფო დონეზე ხდება. დღეს  დავაჯილდოვეთ საუკეთესო მუნიციპალიტეტები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებმა და თვითმმართველობებმა საკუთარ პრიორიტეტებზე მეტი იფიქრონ, უკეთ ჩამოაყალიბონ დოკუმენტები სტრატეგიების სახით და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები იყოს დაფუძნებული მათი მოსახლეობის, მოქალაქეების სურვილებსა და პრიორიტეტებზე“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ღონისძიებას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და დარგის  ექსპერტები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ  მზია გიორგობიანმა. ღონისძიების მონაწილეებმა საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული პროგრამის მეშვეობით საფუძველი ჩაეყარა უპრეცედენტო პლატფორმის შექმნას, სადაც მუნიციპალიტეტებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ წარმატებული პროექტები და საკუთარი კარგი პრაქტიკა სხვა მუნიციპალიტეტებს გაუზიარონ. პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


 

19.12.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია