„დასაფასებელია, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობა ყველაზე მეტად ახალგაზრდობაზე ფიქრობს”

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ქალთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საჭიროებებზე, რაც აუცილებელია ხეობის განვითარებისათვის. საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ხეობის ახალგაზრდებისათვის აუცილებელია არსებობდეს სპორტული ინფრასტრუქტურა, მოსწავლეებისთვის - სკოლაში სხვადასხვა დაბატებითი წრეები, ისაუბრეს სოფლების გზებისა და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობაზეც. ასევე, აღინიშნა, მეწარმეობის ხელშეწყობის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობა. ქალბატონებმა გაუზიარეს მინისტრებს ამ პროგრამებით საგებლობის საკუთარი გამოცდილებაც. 

„ძალიან საინტერესო და ძალიან დასაფასებელი ქალბატონები არიან. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აქ არის ქალბატონებისათვის და ბევრი რეგიონისთვის უჩვეულო  ერთიანობა. ქალბატონებმა ერთად შექმნეს ქალების საბჭოც, ქალების გაერთიანება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან კარგად ხედავენ იმ ყველა პრობლემას, რომელიც რეგიონშია. ქალბატონების უმეტესობა სკოლის და საბავშო ბაღის მასწავლებელია, ვისაუბრეთ ზუსტად იმაზე, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი და საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები მთლიანად ამ რეგიონის განვითარებაში და იმისთვის, რომ უფრო წარმატებულები იყვნენ მომავალში,“-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 

მაია ცქიტიშვილის თქმით, ყველა შეხვედრაზე - მოსახლეობასთან, ქალებთან, ახალგაზრდებთან და შემდეგ უხუცესებთან - საუბარი იყო ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე, ყველა შეხვედრაზე აღინიშნა წყლის და შიდა საუბნო გზების პრობლემა, მაგრამ ამასთან ერთად, ყველა სოფელში დადგა კულტურის სახლის განახლების საკითხი, ვინაიდან ახალგაზრდებისათვის აუცილებელია ისეთი სივრცის არსებობა, სადაც შეძლებენ დამატებითი ცოდნისა და უნარების განვითარებას.  

“ის სულისკვეთება, რომ ამ ხეობის მოსახლეობა ყველაზე მეტად ფიქრობს ახალგზარდობაზე, რა თქმა უნდა, არის ძალიან დასაფასებელი და იმის იმედი, რომ ამ რეგიონს განსაკუთრებული პერსპექტივა შეიძლება ქონდეს. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი ინფორმაცია, პროექტი ჩამოვიტანეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროექტები დაემთხვა მოსახლეობის სურვილებს, მაგრამ ამასთან ერთად, მოვისმინეთ ის საჭიროებები, რომლებიც აქვთ და რომელიც უკვე შემდგომი წლისთვის ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ პროექტებში. ამასთან, უნდა ითქვას, რომ განათლება, მათ შორის სასკოლო და პროფესიული არის ერთადერთი და ყველაზე სწორი საშუალება რეგიონების განვითარებისთვის და მისი პოტენციალის სრულად ამოქმედებისთვის. ამ კუთხით ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ,“-განაცხადა მინისტრმა. 
 

13.04.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია