„მკვლევარებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეისწავლონ აკაკი და კიტა ჩხენკელების უნიკალური არქივი“

A-/A+

ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების  - აკაკი და კიტა ჩხენკელების უნიკალური არქივი დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა.  ღონისძიებას ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ესწრებოდა.
“სიმბოლურია, რომ პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან მე-100 წლისთავზე გვერგო პატივი, რომ მიგვეღო საჩუქარი საქართველოს მეგობრებისგან. მრავალი წლის განმავლობაში, ისინი, აკაკი და კიტა ჩხენკელების ოჯახების შთამომავლებთან ერთად, ინახავდნენ და იცავდნენ ამ არქივს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ შეისწავლონ ეს მასალები. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ არქივი საინტერესო იქნება არამხოლოდ ქართველი მკვლევარებისთვის, არამედ ევროპელი ისტორიკოსებისთვისაც, რომლებიც საუკუნის წინანდელი პროცესებით არიან დაინტერესებული, როცა საქართველომ დააარსა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იმ პრინციპებისა და ფასეულობების გათვალისწინებით, რა პრინციპებსაც დღეს იზიარებს თანამედროვე მსოფლიო“  - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
უნიკალურ არქივში დაცულია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილები, დიპლომატიური მიმოწერა, ბიოგრაფიული ცნობები, პირველი და მეორე მსოფლიო ომებისდროინდელი მასალები.
აკაკი ჩხენკელმა, თავისი მემკვიდრეობა უმცროს ძმას -  კიტას უანდერძა, რომელიც იმ პერიოდში ციურიხის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. კიტა ჩხენკელმა, თავის მხრივ, ეს მასალები ციურიხის უნივერსიტეტის თანამშრომელს - ლეა ფლურის დაუტოვა. ფლურის გარდაცვალების შემდეგ, არქივი მარიანა და ტომას კრაერების, ტომას ჰოიზერმანისა და მიხეილ სვიმონიშვილის მფლობელობაში გადავიდა.
არქივის ყველა მფლობელის სურვილის თანახმად, უნიკალური დოკუმენტები დღეიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში იქნება.
 

28.09.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია