მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

არ არსებობს შეკითხვა პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით

28 ივნისი 2019

საქართველოში ორჯერ მოხდა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლო პარლამენტის შენობაზე შეტევის აღკვეთა. ამჯერად, სწორედ პოლიციის ქმედებების შედეგად მოხდა იმ აგრესიული მომიტინგეების შეჩერება, რომელთაც მიზნად ჰქონდათ პარლამენტში ძალადობრივი შეღწევის გზით ხელისუფლების დამხობა, -  განაცხადა  დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, არ არსებობს შეკითხვა პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. 

„ჩვენი საზოგადოება,  ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, ყველანი ვთანხმდებით, რომ პოლიციას უნდა შეეჩერებინა აგრესიულ მომიტინგეთა ტალღა. პოლიციელები რამდენიმე საათის განმავლობაში თავდაცვის რეჟიმში იყვნენ. რაც შეეხება ძალის გამოყენების არაპროპორციულობას და გადამეტებას, ამის ცალკეული ეპიზოდები ვიხილეთ, მათ შორის პირდაპირი ეთერით და სწორედ ამ ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე იყო ინიცირებული, ჩართულია გენერალური პროკურატურა და სახალხო დამცველი. ასევე, პროკურატურის განცხადების საფუძველზე საზოგადოების ნებისმიერ წევრს, აქვს საშუალება მიაწოდოს გამოძიებას მათ ხელთ არსებული მასალები. შესაბამისად ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს, რათა დადგინდეს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, აქციის დაშლისას ლეტალური იარაღი, ცხოველებზე გათვლილი ტყვიები ან სხვა სპეც-საშუალება, რაც არ არის კანონით ნებადართული, არ ყოფილა გამოყენებული, მსგავსი ინფორმაციების გავრცელება კი დამაზინებელია ქვეყანაში სტაბილურობისთვის და ეს არავის ინტერესი არ შეიძლება იყოს.

„ჩემი ინფორმაციით, შსს-ს აღჭურვილობა, რომელსაც იყენებს  სპეცდანიშნულების რაზმი თუ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. რაც შეეხება საკითხს - რამდენად დაცული იყო ამ იარაღის გამოყენების წესები, ეს უნდა დაადგინონ სპეციალისტებმა და გამომძიებლებმა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.