მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

12 სექტემბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში  დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს ხელი მოაწერეს მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა “ზრდას“ დირექტორმა ბრაიან კინგმა.

„ზრდა“ USAID-ის მიერ დაფინანსებული 5-წლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ექვსი შერჩეული რეგიონის 81 დასახლებაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. 

მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან, რომ თავდაპირველად 4 შერჩეულ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფენ 6 ინფრასტრუქტურული პროექტის მომზადებას. შემდგომი განხორციელების მიზნით პროექტები მუნიციპალიტეტებს უსასყიდლოდ გადაეცემა.

წყალმომარაგების ქსელების, სანიაღვრე არხებისა და დამცავი გაბიონების მოწყობის მიზნით პროექტები ზუგდიდის, წალენჯიხის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მომზადდება. 

წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის სუფთა წყლის მიწოდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მემორანდუმი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობასაც ითვალისწინებს, რაც სამიზნე რეგიონებში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.