მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით აითვისა

22 ივლისი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმის 6 თვის ათვისება 100 პროცენტზე მეტია.

1 ივლისის მდგომარეობით,  ბიუჯეტის სახსრების საკასო შესრულება დაახლოებით 429,2 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 163,7 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემს, ხოლო დონორულ (კრედიტი და გრანტი ერთად) დაფინანსებასთან მიმართებაში ათვისებულია 244,2 მილიონი ლარი, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 19,2 მილიონი ლარით აღემატება.  

მთლიანობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 6 თვის განმავლობაში, მოხმარდა 673 მილიონი ლარი. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ დაახლოებით 183 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება მოახერხა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა ყველაზე მსხვილბიუჯეტიანმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 6 თვის დამტკიცებულ გეგმას 7%-ით, ხოლო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 15%-ით გადააჭარბა. 

1 ივლისის მდგომარეობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 270 მილიონი ლარი. ტენდერი უკვე გამოცხადებულია 651 პროექტზე, აქედან კი ხელშეკრულება გაფორმებულია დაახლოებით 236 მილიონ ლარის ღირებულების 563 პროექტზე, ხოლო საკასო შესრულება დაახლოებით 61 მილიონი ლარია.