მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

"კახეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და საჭიროა ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა"

30 მაისი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019“-ში მონაწილეობს, რომელიც “Radisson Collection Estate Tsinandali”-ში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

ვიცე-პრემიერმა, პანელზე გამოსვლისას, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კახეთის რეგიონში ხორციელდება და ინვესტიციების მოსაზიდად ხელსაყრელი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

„კახეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და იმისთვის, რომ ის სრულად გამოვიყენოთ, საჭიროა ამ შესაძლებლობების ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. პირველ რიგში, აქცენტს გავაკეთებ საგზაო ნაწილზე, რადგანაც სწრაფი კავშირი რეგიონებს შორის და მთლიანად საქართველოსთან, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრქუტურასთან, მნიშვნელოვანია საწარმოო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მხოლოდ წელს, დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება ქვეყნის ინფრასტრქუტურაში და აქედან  დიდი ნაწილი  საგზაო პროექტებს მოხმარდება.

„კახეთში წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია 132 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრქუტურის მოწყობა. მათ შორისაა, თიანეთი-ახმეტის დამაკავშრებელი გზა, რომლის დასრულების შემდეგ 110 კმ-იანი მონაკვეთის გავლის ნაცვლად, ჩვენ შევძლებთ 28კმ-იანი გზით დავაკავშიროთ ეს ორი რეგიონი, რაც ბევრად უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ნიშნავს. ასევე, მიმდინარეობს გურჯაანის შემოვლითი ახალი 16კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, 2020 წელს კი ვიწყებთ ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას. წელს დარსულდება თბილისი-ბაკურციხის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის პროექტირება, რომლის საორიენტაციო ღირებულება 1 მილიარდი ლარია, რაზეც უკვე ინტენსიური მოლაპარაკების ფაზაში ვართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, რეგიონში დაახლოებით 40 მლნ ლარის ღირებულების 117 კმ-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უკვე გაფორმებულია კონტრაქტი და თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

საინვესტიციო ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს.