მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

“კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა მთავრობამ რამდენჯერმე გადაუვადა“

4 აგვისტო 2019

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კონსორციუმს ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში უნდა უზრუნველეყო ბანკებთან ან ნებისმიერ სხვა დამფინანსებელთან შეთანხმებების დადება იმისთვის, რომ  დაედასტურებინა პორტის მშენებლობისთვის საჭირო თანხის არსებობა. ეს თარიღი იყო ამ ვალდებულების შესრულების თავდაპირველი ვადა, რომლის გადავადება  მოხდა ნოებრამდე, შემდეგ კი - 2018 წლის დეკემბრამდე. ამის შემდეგ კონსორციუმმა ისევ შეატყობინა მთავრობას, რომ  ვერ ახერხებდა  დაფინანსების ვადაში მოზიდვას, თუმცა ამ შემთხვევაში საჭირო გახდა არა მხოლოდ გადავადება, არამედ ბანკების მიერ წარმოდგენილი 8 ახალი პირობის განხილვა. ამ პირობებიდან ერთ-ერთი იყო ტვირთების გარანტიის პირობა. 

„2018 წლის ბოლომდე ისე მივედით, რომ პრაქტიკულად წელიწადნახევრით იყო გადავადებული საჭირო დაფინანსების მოძიების ვალდებულების შესრულება. შემდეგ, დაწყებული 2018 წლის დეკემბრიდან, გვქონდა მიცემული ვადა 2019 წლის 1 ივლისამდე, რომელიც ეხლა უკვე გადავწიეთ 2019 წლის ბოლომდე. რაც შეეხება სხვა ვალდებულებებს, კონსორციუმს ასევე ჰქონდა ვალდებულება დაესრულებინა პორტის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, შეერჩია კონტრაქტორი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, თავდაპირველად ჯერ 2017 წლის ბოლოს და მერე 2018 წლის ბოლოს დაეწყო პორტის მშენებლობა,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

ვიცე-პრემიერის თქმით, პროკურატურის ინტერესი თიბისი ბანკის დამფუძნებლებთან, პირველად წელს იანვარში, ბანკების მიერ ახალი პირობების დაყენების შემდეგ დაფიქსირდა. შესაბამისად,  ამ თემას არ შეუფერხებია პორტის დაფინანსების პროცესი.