მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - იმედი გვაქვს ეს გადავადება იქნება წინაპირობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტისთვის ფინანსური რესურსის მოსაძიებლად

17 ივნისი 2019

ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულების, ე. წ. ფინანსური დახურვის თარიღი გადავადდება 2019 წლის 31 დეკემბრამდე, - განაცხადა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. 

„ეს ვადა თავდაპირველად განისაზღვრებოდა 2017 წლის 15  აგვისტოთი და შემდგომში  ვადის არაერთხელ გახანგრძლივება მოხდა.  იმ პროცესის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად წარმოებს საქართველოს მთავრობას, ანაკლიის  განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და  ჩვენ ვადას ვახანგრძლივებთ წლის ბოლომდე. იმედი გვაქვს, ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის  შედგება შეთანხმება,  ასევე ინვესტორი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მოახერხებენ შეთანხმებას იმ ძირითად ვალდებულებებზე, რაც იქნება წინაპირობა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტისთვის ფინანსური რესურსის მოსაძიებლად,“- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.