მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილმა სომეხ ერს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

24 სექტემბერი 2019

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

ვიცე-პრემიერმა მეზობელ ერს მიულოცა ეს უმნიშვნელოვანესი დღე და  კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.

,,საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში ბევრია საერთო ტკივილი და ბევრიც სიხარული, არის მარცხიც და გამარჯვებაც. მაგრამ მთავარი, რამაც ეს ორი პატარა და თვითმყოფადი ქვეყანა გადაარჩინა არის საკუთარი იდენტობის უაღრესად მაღალი შეგრძნება“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა საქართველოში მოღვაწე სომეხი ერის წარმომადგენლების  წვლილს ორმხრივი კავშირების განმტკიცებაში, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმატებაში. 

,,მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევძელით ახალი ტიპის, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბება. უკვე 27 წელია ორ ქვეყანას შორის დამყარებულია დიპლომატიური ურთიერთობები. ამ წლების განმავლობაში გაღრმავდა და განვითარდა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, კულტურისა და მრავალ სხვა სფეროში“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა
გამოსვლისას მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ურთიერთანამშრომლობა გაგრძელდება და რომ ყველა წინაპირობა არსებობს ორმხრივი პარტნიორობისთვის ახალი იმპულსის მიცემის კუთხით, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ.