მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მკვეთრად გაუმჯობესებულია რეგიონებში პროექტების შესრულების დინამიკა

5 სექტემბერი 2019

„წელს მნიშვნელოვნად გაზრდილია მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომი თანხები შედარებით მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. მხოლოდ რეგფონდის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 28 პროცენტით გაიზარდა და 270 მლნ ლარს შეადგენს“,-ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა. 

მაია ცქიტიშვილის თქმით, ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, პროექტების მართვისა და სხვადასხვა მომსახურების შესყიდვის პრინციპებში სისტემური ცვლილებების განხორციელების შედეგად, რეგფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესრულების დინამიკა  გაუმჯობესებულია, 8 თვის მონაცემებით დასრულებულია ობიექტების 40 პროცენტი და შესრულებულია 138 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც 2,2-ჯერ მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. 

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტების საჭიროებების ანალიზის შედეგად, დაიწყო და გაგრძელდება ფონდიდან ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობების დაფინანსება, რაც საშუალებას მისცემს მათ 2019-2020 წლებში რეგიონებში ამბულატორიების და სასწრაფო დახმარების ცენტრების საჭიროებები სრულად დაკმაყოფილდეს. 

დაწყებულია სტიქიის პრევენციის და აღდგენილია სოფლის მხარდაჭერის პროგრამები. 

,,სამინისტროსთან კოორდინაციით, ადგილობრივი თვითმმართველობები, სხვადასხვა პროგრამებისა და ფონდების მეშვეობით, ჯამში 400 მლნ ლარის ღირებულების 6700 პროექტს ახორციელებენ. მალე ავამოქმედებთ რეგფონდის თანხების განაწილების ახალ ფორმულას, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ პროექტების დაგეგმვასა და მართვას“-აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში.