მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რეგიონების განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების 6 თვის ანგარიში

23 ივლისი 2019

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების საერთო ბიუჯეტმა წელს, ჯამში 400 მილიონი ლარი შეადგინა, რითაც 6700 პროექტის განხორციელება იგეგმება. 

1 ივლისის მონაცემებით, ამ მიზნობრივი ინსტრუმენტებით დაფინანსებული პროექტებიდან  უკვე დასრულებულია 750-ზე მეტი, 3500-ზე მეტ პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო 700-მდე პროექტზე საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად საჭირო პროცედურებია დაწყებული. 

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტი 310 მილიონი ლარია, რაც წინა წლის ბიუჯეტს 67 მილიონი ლარით აღემატება. შესაბამისად, ფონდიდან წელს 393 პროექტით მეტი, ჯამში კი 1201 პროექტი დაფინანსდება. 6 თვის მონაცემებით, უკვე დასრულებულია 40 მილიონი ლარის 137 პროექტი. ფონდის ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 37 მილიონით აღემატება  და 62 მილიონ ლარს შეადგენს. ასეთი მკვეთრი პროგრესი რეგფონდის პროექტების მართვაში ერთი წლის წინ დანერგილმა სისტემურმა ცვლილებებმა განაპირობა. თანხების გადანაწილების ახალი მეთოდოლოგია წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებსა და წინა წლების შესრულების მაჩვენებლების მიხედვით შემუშავებულ სქემას ეფუძნება. 

რეგფონდიდან 20 მილიონით ფინანსდება ჯანდაცვის ინფრასტრუტურის 405 პროექტი, კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, წელს აშენდება 39 ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი, 104 ახალი ამბულატორია და რეაბილიტაცია ჩაუტარდევბა 262 არსებულ ამბულატორიას. 

გარდა ამისა, წელს პირველად ფინანსდება რეგფონდიდან მუნიციპალიტეტებში სტიქიის პრევენციის მცირე სამუშაოები. ამჟამად 9 პროექტი მიმდინარეობს, სულ კი 20 მილიონი ლარის 156 პროექტი განხორციელდება. 

2019 წლიდან თვითმმართველობები პირველად ახორციელებენ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოებს, რისთვისაც შესრულდება 40 მილიონი ლარის 642 პროექტი. ამჟამად სამუშაოები უკვე 96 პროექტზე მიმდინარეობს. 

მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება მთის ფონდის ფარგლებში. წელს სხვადასხვა პროფილის 15 პროექტისთვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.

40 მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მხარდაჭერის განახლებული პროგრამა. სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ამ პროგრამის ფარგლებში, უკვე დასრულდა 600-ზე მეტი პროექტი, წლის ბოლომდე კი 4 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდება.

რეგიონის განვითარების მიზნით სპეციალური ფონდებიდან და პროგრამებიდან პროექტების მართვა სამინისტროს საქმიანობის მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა. ასეთი სპეციალური ფონდები წარმოადგენს მიზნობრივ ინსტრუმენტებს აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისათვის.