მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

“სამინისტროს ბიუჯეტი არის რეკორდულად მაღალი და ასეთივე რეკორდულად მაღალია მისი შესრულება“

18 სექტემბერი 2019

”გამოსასწორებელი და გასაუმჯობესებელი ყოველთვის არსებობს, რაც შეეხება გადავადებას ან შეუსრულებლობას, თქვენ  იცით რომ სამინისტროს დღევანდელი ბიუჯეტი არის რეკორდულად მაღალი და ასევე, რეკორდულად მაღალია ამ ბიუჯეტის შესრულება,“ - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას აუდიტის შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ტენდერების  და სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობის ვადებს და ხარვეზებს.

ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ აუდიტის ანგარიშში  საქმე  ეხებოდა სხვადასხვა პროექტის 6 თვის შესრულების მონაცემებს, საიდანაც მხოლოდ ნაწილია  ინფრასტრუქტურის სამინისტროსი. 

,,ჩვენი 6 თვის შესრულება არის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე - 200 მილიონ ლარზე უფრო მეტი; ჩვენი ყველა პროექტი მიმდინარეობს ძალიან კარგი ტემპით და თუ რომელიმე პროექტში არის აუთვისებლობა, მისი დაბალანსება ხდება სხვა პროექტით - ისეთი პროექტებით, სადაც უკეთესი ათვისება გვაქვს. ასეთი მოვლენები ჩვეულებრივი სამშენებლო პროცესისთვის და ეს ყველამ ვიცით. მთავარია, რომ მთლიანობაში სამინისტროს ბიუჯეტთან დაკავშირებით  არათუ შეუსრულებლობა, არამედ  გვაქვს გადაჭარბება და ბევრად უკეთესი სურათი, ვიდრე ოდესმე გვქონია“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.