მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სოფელ წინწყაროში ათწლეულების განმავლობაში არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა

3 აგვისტო 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი პირები ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას ეცნობიან. ამჯერად, მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა წალკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრიორიტეტული მიმართულებებით განსახორციელებელი სამუშაოებისა და ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ბარეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ქალაქ წალკის #1 და #2 საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაო კი რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

უკვე დასრულდა ბეშთაშენი - თბილისი - წალკის საავტომობილო გზიდან სოფელ ბეშთაშენის ხიდამდე ბეტონის საფარის მოწყობის პროექტი. ამ მონაკვეთის მოწესრიგება 7  სოფლის მცხოვრებლებისთვის წლების განმავლობაში ერთ–ერთი პრიორიტეტული საჭიროება იყო.

ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ  წინწყაროშიც იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ჭაბურღილი, რეზერვუარი და შიდა ქსელი მოეწყო. პროექტის შედეგად, სოფლის მცხოვრებლების ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა 24-საათიან რეჟიმში გახდა შესაძლებელი.