მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ქალაქ მცხეთის გენერალურ გეგმაზე მუშაობა გრძელდება

10 მაისი 2019

ამხანაგობა „აქოლისი“ ქალაქ მცხეთის გენგეგმაზე მუშაობას განაგრძობს. ამხანაგობამ, რომელიც მულტიდისციპლინარული ჯგუფია და დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო კომპანიას აერთიანებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ  გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. 

„აქოლისის“ წარმომადგენლებმა  გენგემაზე მუშაობის პირველადი შედეგები დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინეს. ამ შედეგებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შენიშვნები განიხილეს მხარეებმა შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.

ამხანაგობა გენერალურ გეგმაზე იმ საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს, რომელიც ქართველი სპეციალისტებისა და UNESCO-ს წარმომადგენლების მონაწილეობით შემუშავდა. სტანდარტებმა და ამოცანებმა, პროექტის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, სხვადასხვა გამოცდილების, კომპეტენციისა და სპეციფიკის სპეციალისტების ჩართვის აუცილებლობა განაპირობა.

„აქოლისთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური და ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების და მცხეთის ქალაქმშენებლობითი კადასტრის მომზადებას, ასევე - სარეკრეაციო  და ტურისტული ზონების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების შექმნას, სატრანსპორტო სისტემების განახლებას ითვალისწინებს. 

გენგეგმის შემუშავება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, რაც გულისხმობს განხილვებს როგორც სხვადასხვა უწყებასთან, ისე მოსახლეობასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან.

ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის მომზადება წლის ბოლოსთვის დასრულდება.