მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ქუთაისში საქართველოს მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ტრენინგ-სემინარი ტარდება

9 ივლისი 2019

საქართველოს მუნიციპალიტეტების არქიტექტურის სამსახურების თანამშრომლებისთვის ორდღიანი ტრენინგ-სემინარი მიმდინარეობს ქუთაისში.

ტრენინგის მიზანია, არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს გააცნოს  საქართველოს  სივრცის  დაგეგმარების, არქიტექტურის და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები: „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“  და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ.“ 

ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მხარდამჭერი კი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

ტრენინგს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრება. ორი დღის განმავლობაში მასში მონაწილეობენ: იმერეთის 12, გურიის 3, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ტრენინგ-სემინარი დატვირთულია ინფორმაციის გაცვლით, პრაქტიკული მაგალითებით და ინტერაქტიული განხილვებით. გათვალისწინებულია, ასევე   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის არსებული გამოცდილება და განხორციელებული პროექტები.  

ორგანიზატორების თქმით, ინტერაქტიური ტრენინგის  გავლის შედეგად მონაწილეები უკეთ გაეცნობიან სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურის სფეროში ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს, აითვისებენ სივრცითი დაგეგმარების რეგულირების და საქმიანობის სპეციფიკას, დაეუფლებიან საჭირო ინფორმაციას, მიიღებენ აუცილებელ ცოდნას  და შესაბამის უნარ-ჩვევებს, რის საფუძველზეც  შეძლებენ სფეროსთან დაკავშირებული საკითხების სწორად გაანალიზებას და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას. ამავდროულად, ტრენინგი ხელს შეუწყობს რეგულაციების მოკლე ვადებში იმპლემენტაციას.

ტრენინგ-სემინარები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მონაწილეობით გაგრძელდება.