მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წლიდან წლამდე იზრდება თანხები, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონებში ინვესტირდება

5 ივლისი 2019

2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით, რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა შეხვედრა რაჭის მუნიციპალიტეტში გამართა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.  

შეხვედრაზე ილია ბეგიაშვილმა  რეგიონში განსახორციელები პროექტების ფონდით 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების წინასწარი პრეზენტაცია წარადგინა.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მომავალი წლისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაახლოებით 24 მილიონი ლარის პროექტებს განახორციელებს, რაც წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონი ლარით არის გაზრდილი. აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და ამბულატორიებს, კეთილმოეწყობა გზები, გაუმჯობესდება წყალმომარაგება, მოეწყობა კულტურული, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურა. დაფინანსების არსებულ ფონდებს ორი ახალი წყარო – „ახალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობის პროგრამა“ და „წყლის ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა“ დაემატა.

,,ამჯერად, შეხვედრა გვაქვს ამბროლაურში, სადაც  2020 წლის გეგმების განხილვა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე დინამიურად იზრდება ის თანხები, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ინვესტირდება რეგიონებში და რომელსაც თავად  რეგიონები გამოიყენებენ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: გზების, წყალმომარაგების, ბაღების, სკოლების, სკვერების, კულტურული  თუ ტურისტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია “ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

მან, ასევე ხაზი გაუსვა რომ თითოეული ის პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტებში გარკვეულ ეტაპებს გადის და იწყება მოსახლეობასთან შეხვედრებით და მათი საჭიროებების მოსმენით და გათვალისწინებით.