მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

,,წყალმომარაგება კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და შესაბამისად პრიორიტეტად“

5 სექტემბერი 2019

,,არაერთხელ ამიღნიშნავს, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნის წყალმომარაგება. გვაქვს განსაკუთრებულად პრობლემური რეგიონები, რომელთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს წყალმომარაგება. თუმცა, იქაც კი, სადაც მოწყობილია ქსელი, წყალი მოსახლეობას ხშირად მოეწოდება გრაფიკით, ხოლო წყლის ხარისხი არ შეესაბამება სასმელი წყლის სტანდარტს“-ამის შესახებ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა  მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრობლემა ათეული წლის განმავლობაში გროვდებოდა, რომელთა მოგვარებაზეც არ იხარჯებოდა სათანადო ფინანსური რესურსი. სარეაბილიტაციაო ასევე,  საბჭოთა საქართველოს პირობებში  გაყვანილი უკვე ამორტიზებული და ხშირად დაბინძურების კერებად ქცეული წყალმომარაგების სისტემები. 

,,კიდევ უფრო მწვავედ დგას წყალმომარგების საკითხი მცირე დასახლებებში და სოფლებში. 2019 წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაიწყო პროექტების განხორციელება ასეთ სოფლებში. ვგეგმავთ ადგილობრივი თვითმართველობების ფინანსური და პროფესიული შესაძლებლობების გაზრდას, რათა მათ ადგილზე დამოუკიდებლად შეძლონ სისტემების გამართვა და ტექნიკური მხარდაჭერა“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.  

მისი განცხადებით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად მუშავდება წყლის ინფრასტრუქტურის პოლიტიკა და რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის მართვის საპილოტე მოდელი. 

,,მართვის ნაწილში, ვხედავთ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ რესტრუქტურიზაციის  და საერთაშორისო ინვესტორების ან მმართველი კომპანიის შემოყვანის აუცილებლობასაც, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან ერთად“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით 2019 წელს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ბიუჯეტი გაიზარდა 31 პროცენტით. კომპანიის დაფინანსება გაიზრდება მომავალ წელსაც, ასევე მიმდინარეობს მუშაობა დონორებთან ახალი პროექტების დაფინანსებისთვის.