მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები მაია ცქიტიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

მაია ცქიტიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ძებნა

მაია ცქიტიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

8 მაისი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. 

დასრულების ეტაპზეა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 10 მლნ ლარია. საავტომობილო გზაზე, რომელიც ძლიერ დაზიანებული იყო, უკვე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, მოსახლეობის ეზობში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

ვიცე-პრემიერი ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზეც მივიდა. 

„ამ პროექტს, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და ბიუჯეტი 18 მლნ ლარზე მეტია.  ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მოხდება ჩამდინარე წყლების  ბიოლოგიური წმენდა, რაც შეამცირებს შავი ზღვის და ზოგადად, გარემოს დაბინძურების რისკებს. ახალი გამწმენდი  ნაგებობა  დაახლოებით 10 ათას ადამიანზეა გათვლილი, რაც ანაკლიისა და განმუხურის მცხოვრებლებთან ერთად, ტურისტების მომსახურებასაც გულისხმობს. პირველ ეტაპზე, 4 წლის წინ, ანაკლიის წყალმომარაგების სისტემა მოწესრიგდა და ამჟამად ადგილობრივ მოსახლეობას წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საჯარო სკოლასაც ესტუმრა, სადაც მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. არსებული შენობა დაზიანებულია და მრავალი წელია რემონტი არ ჩატარებია. უკვე გამოცხადებულია ტენდერი და მუნიციპალური განვითარების ფონდი დარჩელში 90 ბავშვზე გათვლილ ახალ სკოლას ააშენებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფონდს სულ 14 სკოლის რეაბილიტაცია და 7 ახალი სკოლის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. 

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.  წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ფონდი 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას დაიწყებს. მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის ყველა  დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. ბაღების მშენებლობას საქართველოს მთავრობა და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.