მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები ვიცე-პრემიერი პეკინში „ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“ გამოვიდა

ვიცე-პრემიერი პეკინში „ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“ გამოვიდა

ძებნა

ვიცე-პრემიერი პეკინში „ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“ გამოვიდა

25 აპრილი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და  „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე პრემიერი „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის  თემატურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა. 

მაია ცქიტიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, როგორც მისი მონაწილე ქვეყნებისთვის, ისე - საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენებისათვის. 

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მნიშვნელობაზე აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების და სამეწარმეო საქმიანობისთვის  ხელსაყრელი გარემოს შექმნის კუთხით. 

„საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივას და აქტიურადაა ჩართული მის განვითარებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც 2015 წლის მარტში პირველებმა მოაწერეს ხელი  „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარების თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამ ინიციატივას ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების უპრეცენდენტო მექანიზმად. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის იანვარში  ძალაში შევიდა ჩინეთსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ. მე ვამაყობ, რომ დღეს საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობს როგორც ევროკავშირთან (DCFTA), ისე ჩინეთთან,“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მნიშვნელობაზე რეგიონში. მან აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის, ძლიერი გარე სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო მიისწრაფვის გახდეს უმოკლესი და უსაფრთხო მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების მიმოქცევისთვის.  

ვიცე-პრემიერმა მოუწოდა ფორუმის ყველა მონაწილეს 2019 წლის ოქტომბერში დაესწრონ აბრეშუმის დიდი გზის მესამე ფორუმს თბილისში. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს და განსაკუთრებით, სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს მოწვევისა და მასპინძლობისთის.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა.  მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა.