ქობულეთის სანაპირო ზოლი ტურისტული სეზონისთვის მოწესრიგდა

A-/A+

ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ტურისტული სეზონისთვის სამუშაოების დასრულება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქმეში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო.
ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი მუშაობა სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური  განვითარების ფონდმა, გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთში, დაახლოებით 2 კმ ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორმა  კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა. 

იმისთვის, რომ ტურისტული სეზონისთვის ზღვისპირა ზოლზე პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულიყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით  1 მაისიდან სანაპიროს და ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო.

,,დღეს, დავათვალიერეთ ქობულეთის სანაპირო ზოლზე მიმდინარე სამუშაოები. სამწუხაროდ, ეს პროექტი იყო ჩავარდნილი და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა სამართლიანი უკმაყოფილება. დაახლოებით, თვენახევრის წინ ვიმყოფებოდით აქ და როდესაც გავეცანით არსებულ მდგომარეობას, გადავწყვიტეთ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის დაგვევალებინა ამ სამუშაოების შესრულება. დღეს,  როგორც დავპირდით მოსახლეობას 650 მეტრი ბულვარი მოწყობილია“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.


 

26.06.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია