2019 წელს, გურიის მხარეში, სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა 48 მილიონ ლარს აჭარბებს. აქედან უმეტესი ნაწილი, 20 მილიონ ლარზე მეტი, წყლის ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას ხმარდება. რეგიონში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის 12 პროექტი მიმდინარებს, რომელთა ჯამური ღირებულება 130 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტების დასრულების შემდეგ გურიის 20 000-მდე მოსახლეს მოეხსნება წყალმომარაგების პრობლემები. წელს სრულდება ურეკის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემების კომპლექსური სამუშაოები. საკურორტო ზონაში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა საერთოდ არ არსებობდა. წელს ურეკი მიიღებს სრულიად ახალ წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართულ ინფრასტრუქტურას. 2 800 ადგილობრივი და ტურისტი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. აშენდა აგრეთვე გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც შეამცირებს შავი ზღვის აუზისა და გარემოს დაბინძურების რისკებს, ხელს შეუწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას.
2019 წელს საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს თითქმის 16 მილიონი ლარი მოხმარდება. (ამ თანხაში არ შედის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რომელსაც 2019 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეაბილიტაცია შეკეთების, ნაპირდაცვისა და სტიქიის პრევენციისთვის 371 500 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული). მიმდინარე 23 პროექტის სრული ღირებულება 16 მილიონ ლარს აღწევს.
გურიაში მიმდინარე წელს თითქმის 3 მილიონი ლარი მოხმარდება განათლების ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს სკოლების, ბაღების და სხვადასხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას. წელს მიმდინარეობს 6 სკოლისა და 5 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია უტარდება 1 სპორტულ კომპლექსსა და 2 სპორტულ მოედანს. წელს მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 19 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 6000 მოზარდს კეთილმოწყობილ გარემოში განვითარების შესაძლებლობა ექნება.
რეგიონებში მუდმივი განახლება ესაჭიროება მუნიციპალურ და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. წელს ამ მიმართულებით რეგიონში დაახლოებით 9 მილიონი ლარია გამოყოფილი.