ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე შიდა გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

A-/A+

ქ.ქუთაისში, ვაკისუბანში რამდენიმე ქუჩაზე შიდა გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.  ამ ეტაპზე ხუნდაძის ქუჩის ზედა და ქვედა ნაწილის   1,5  კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის ფილები იგება. პროექტის ღირებულება 500 000 ლარს აჭარბებს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 
აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული გზის საფარი  ტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა, რის გამო მაღალი იყო ავტომობილების დაზიანების საფრთხე.  სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას  ექნება განახლებული  გზა, რაც გააუმჯობესებს მგზავრებისთვის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე,  ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქუთაისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო, მათ შორის ქალაქის შიდა გზებზე არსებული ვითარება დაათვალიერა. 
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ჰქონდეს გამართული  საგზაო ინფრასტრუქტურა. ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს, როგორც შიდა გზების მოწესრიგება, ასევე წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი, სოციალური და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. 

02.08.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია