მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რა არის თვითმმართველობა

ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
ევროპული ქარტიის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. ქარტიით აგრეთვე განსაზღვრულია, რომ თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციები, ჰქონდეს ფინანსური და მატერიალური რესურსი და იყოს დამოუკიდებლად წარმართოს შიდა საქმიანობა. 
ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულია კარგი მმართველობის 12 პრინციპი, რომელთა მიზანია საჯარო უწყებებმა იფუნქციონირონ მაქსიმალურად ეფექტიანად და პროდუქტიულად, იყვნენ კომპეტენტურნი და გამჭვირვალენი, უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა თანამონაწილეობა და ჩართულობა და სხვა. 
კარგი მმართველობის 12 პრინციპის შესაბამისად, ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულია შესაბამისი ინსტრუმენტები (toolkits) რომელთა მეშვეობითაც ხდება არსებული სიტუაციის გაანალიზება, პრობლემების, სუსტი და ძლიერი მხარეების აღმოჩენა შემდგომი რეაგირებისთვის.
მნიშვნელოვანია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს როლი (CEMR), რომელიც წარმოადგენს მათი წევრი ერთეულების ინტერესებსა და ზრუნავს მათ განვითარებაზე. მასში გაწევრიანებულია 60 ასოციაცია, 100,000-ზე მეტი თვითმმართველი ერთეული და 41 ქვეყანა. საბჭო მუშაობს თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით სხვადასხვა კვლევებზე, შეისწავლის წევრ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას და აკეთებს შეფასებებსა და გასცემს რეკომენდაციებს.