საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის მოწყობის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების სამუშაოები დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 3.1 მილიონი ლარია.
განახლებული ბულვარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში, ბულვარის სამშენებლო სამუშაო ითვალისწინებდა ბულვარის ცენტრალური შესასვლელის რეკონსტრუქციას, საფეხმავლო ბილიკის, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ მთავარი მოედნის, მცირე მოედნის, სველი წერტილების სრულ დემონტაჟს და ახლის მოწყობას. ასევე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თაყაიშვილის ქუჩასა და ბულვარის დამაკავშირებელ გასასვლელებს, მოეწყო მცირე არქიტექტურული ფორმები და ბულვარის ინვენტარი, ბავშვთა მოედან და სივრცეები სპორტული აქტივობებისთვის.
ბულვარში დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო ველო-ბილიკები, მცირე მოედნები და სივრცეები ღია სეზონური კაფეებისა და კომერციული ობიექტებისთვის.
ამასთან, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს, გურიის სანაპირო ზოლის მოვლის სამუშაოებს, რისთვისაც მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მათ შორის, ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Beach tech). სანაპირო ზოლის მოწესრიგებისა და დასუფთავების სამუშაოებზე ამჟამად დასაქმებულია 180-მდე ადგილობრივი მოსახლე.
გურიის სანაპირო ზოლი მზად არის ტურისტებს კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოში უმასპინძლოს.