X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - აბასთუმნის ობსერვატორიის ახალ ტელესკოპსა და გუმბათს ავსტრიული კომპანია დაამზადებს

16 ივლისი 2022

„აბასთუმნის ობსერვატორიის შენობის წარმატებით დასრულებული რეაბილიტაციის შემდეგ, ვიწყებთ ობსერვატორიის მთავარი გუმბათისა და მთავარი ტელესკოპის დამზადების პროცესს. უკვე დასრულდა პროცედურები და შეირჩა საუკეთესო ევროპული კომპანია, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიისთვის დაამზადებს ახალ, თანამედროვე ტელესკოპს და ასევე, იზრუნებს ახალი გუმბათის დამზადებაზე, რომლის  პირობებშიც, აბასთუმნის ობსერვატორია ასტრონომიული მეცნიერებების საერთაშორისოდ მიმზიდველი და აღიარებული ცენტრი გახდება,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის ობსერვატორის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმნის ობსერვატორიის 1.5 მეტრიანი ტელესკოპის, მისი შესაბამისი აღჭურვილობისა და 12 მეტრის რადიუსის გუმბათის დასამზადებლად ავსტრიული კომპანია „ASA Astrosysteme GmbH“ შეარჩია.

ავსტრიულ კომპანიას მაღალი ხარისხის ტელესკოპებისა და სამეცნიერო აღჭურვილობის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის მაღალპროფესიული გუნდიასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარებს ამზადებს როგორც კომერციული ორგანიზაციებისათვის, ისე წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის.

ახალი ტელესკოპისა და გუმბათის დამზადება-ინსტალაცია კომპანიამ 2024 წლისთვის უნდა დაასრულოს. პროექტი მსოფლიო ბანკის 8.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

ირაკლი ქარსელაძის თქმით, აბასთუმნის ობსერვატორიას დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კუთხით. სამინისტროს დაწყებული აქვს  ციფრული მუზეუმის მოსაწყობად შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესიც. ასევე, სრულდება ობსერვატორიის ადმინისტრაციული ნაწილის სრული რეაბილიტაციის პროექტის შემუშავება და  ობსერვატორიის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის, იწყება წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, 2019-2020 წლებში  დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა  კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.   

უნიკალური ჰავისა და ლანდშაფტის  კურორტის განვითარებისათვის, სახელმწიფოს დაფინანსებით, ასევე, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის შემოვლითი გზის, ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა.